საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მხარს უჭერს
“ქართული ოცნების” განათლების რეფორმას,
თუმცა ეწინააღმდეგება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან
გაერთიანებას.
5 თებერვლით დათარიღებულ აკადემიური საბჭოს დადგენილებაში
უნივერსიტეტი აცხადებს, რომ რეორგანიზაცია, რომელსაც “ქართული
ოცნების” პარლამენტში ორი დღის წინ მიღებული კანონი ითვალისწინებს,
“წარმოადგენს უნივერსიტეტის ავტონომიურობის პრინციპის შეზღუდვას”.
დადგენილება აკადემიურმა საბჭომ ერთხმად მიიღო 36 ხმით 0-ის
წინააღმდეგ.
დადგენილების მიხედვით:
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს,
რომ ცალსახად მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ
უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე
ორიენტირებულ რეფორმებს და ადასტურებს მზაობას ამ მეტად საშურ და
გადაუდებელ საქმეში მონაწილეობის შესახებ კონსტიტუციური პრინციპების
ერთგულებისა და აკადემიური თავისუფლების ფარგლებში;
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო არ
ეთანხმება უნივერსიტეტის ავტონომიის ნებისმიერი ფორმით შეზღუდვას, მათ
შორის, უნივერსიტეტის ნების უგულებელყოფით სსიპ-საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტთან შესაძლო შერწყმას;
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს,
რომ უნივერსიტეტის მართვის ორგანოების – აკადემიური საბჭოს,
წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის), უნივერსიტეტის სტუდენტური
თვითმმართველობის, ფაკულტეტების საბჭოების, სამეცნიერო-კვლევითი
ინსტიტუტების სამეცნიერო საბჭოებისა და რექტორატის მონაწილეობის
გარეშე განხორციელებული ნებისმიერი რეორგანიზაცია (შერწყმა),
წარმოადგენს უნივერსიტეტის ავტონომიურობის პრინციპის შეზღუდვას,
რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით;
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სთხოვს
საქართველოს მთავრობას და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს, შეაჩეროს “უმაღლესი განათლების შესახებ”
საქართველოს კანონის ცვლილებებთან დაკავშირებული (უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციის კუთხით)
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის პროცესი,
ვიდრე არ განხორციელდება საჭიროებების საფუძვლიანი კვლევა, არ შედგება
რეალური და შინაარსობრივი განხილვა საუნივერსიტეტო საზოგადოების
ფარგლებში და არ იქნება მიღებული უნივერსიტეტის მართვის კოლეგიური
ორგანოების თანხმობა;
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო
უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოებათა სახელით კიდევ
ერთხელ ადასტურებს და გამოთქვამს მზაობას, ნებისმიერ ფორმატში
საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი
განათლების ეროვნული კონცეფციის საფუძველზე შესაბამისი რეფორმების
გასატარებლად გადასადგმელი ნაბიჯების, მათ შორის უნივერსიტეტის
რეორგანიზაციის საკითხების დეტალურ განხილვაში, რომლის მიზანი იქნება
საქართველოში უკვე არსებული მძლავრი საინჟინრო სკოლის შემდგომი
გაძლიერება;
- უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო იზიარებს უმაღლესი განათლების
რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კონცეფციის
სულისკვეთებას და იტოვებს იმედს, რომ საქართველოს მთავრობაც
გაიზიარებს 104 წლის ისტორიის მქონე უნივერსიტეტის მრავალათასიანი
აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული, დამხმარე პერსონალის და
სტუდენტების თხოვნას.