სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა აბაშასა და სამტრედიაში
ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად ვეტერინარული
ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტები გამოავლინეს.
სამეგრელოს დეპარტამენტის ცნობით, აბაშაში ფიზიკური პირი ჯ. ხ. (მის:
გამსახურდიას ქ. N116) თვითნებურად, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების
დარღვევით კლავდა ცხოველს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით. ადგილზე
აღმოჩენილი საეჭვო წარმომავლობის ხორცი დაილუქა, ხოლო ფიზიკური პირი
დაჯარიმდა.
სამტრედიაში იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ფიზიკური პირი ნ.
თ.-ს
არალეგალურ სასაკლაოზე დარღვევები აღმოაჩინეს. ობიექტი
საქმიანობდა სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და
ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. საწარმოო
პროცესი შეჩერდა, ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ აფრთხილებს ფიზიკურ პირებს,
რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს
უქმნის ჯანმრთელობას, ზრდის ზოონოზური დაავადებების გავრცელების რისკს
და მოწამვლის შესაძლებლობას.