მოსკოვში დაუსწრებლად გამოუტანეს განაჩენი ტელეარხ „დოჟდის“ წამყვანს,
პროკურატურის მიერ „ფეიკების“ გავრცელებაში ბრალდებულ ეკატერინა
კოტრიკაძეს.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის” მიერ დღეს, 16 თებერვალს
გავრცელებული ცნობით, მოსკოვის გოლოვინოს რაიონის სასამართლომ
ეკატერინა კოტრიკაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. '
ბრალდების მხარე 9-წლიან პატიმორიბას ითხოვდა. ჟურნალისტი რუსეთში
აღარ ცხოვრობს.
ეკატერინა კოტრიკაძე დაუსწრებლად გაასამართლეს რუსეთის არმიის შესახებ
„ფეიკების“ გავრცელებისთვის. რუსეთის პროკურატურამ
ასეთად მიიჩნია
ჟურნალისტის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტები, რომლებიც
ეხებოდა უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას და
ოდესაზე ერთ-ერთი სარაკეტო დარტყმის შედეგად სამი თვის გოგოს და მისი
დედის დაღუპვას და „დოჟდის“ ეთერში უფლებადამცველი ორგანიზაციის,
Human Rights Watch-ის ხელმძღვანელის ციტატის მოყვანა, რომელიც
ეხებოდა კიევის ოლქიდან რუსი სამხედროების გასვლის დროს მათ მიერ
ჩადენილ წამებას და გაუპატიურებას.
თბილისში დაბადებული ეკატერინა კოტრიკაძე, რომელიც საქართველოს და
რუსეთის მოქალაქეა, სხვადასხვა დროს მუშაობდა ქართულ და რუსულ
ტელეკომპანიებში. 2020 წლიდან არის დამოუკიდებელი ტელეარხის, „დოჟდის“
საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და წამყვანი.
უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ
„დოჟდი“ გამოაცხადა „არასასურველ ორგანიზაციად", ხოლო არხის არაერთი
ჟურნალისტი, მათ შორის ეკატერინა კოტრიკაძეც - „უცხოეთის
აგენტად".
ტელეარხმა რუსეთიდან მაუწყებლობა შეწყვიტა და ლიცენზია ჯერ
ლატვიისგან, ამ ლიცენზიის გაუქმების შემდეგ კი ნიდერლანდისგან მიიღო.
ამჟამად „დოჟდის“ რედაქცია ამსტერდამიდან საქმიანობს.