საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის IV კვარტალში, გასული წლის
შესაბამის პერიოდთან შედარებით,
ბიზნეს სექტორის ბრუნვა 12.8%-ით გაიზარდა და 70 მილიარდი ლარი
შეადგინა.
ამასთან, ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის
გამოშვების მაჩვენებელიც და IV კვარტალში 27.2 მილიარდი ლარით
განისაზღვრა, რაც წლიურად 15.5%-ით მეტია.
საწარმოთა საქმიანობის შედეგები აჩვენებს, რომ IV კვარტალში ბიზნეს
სექტორის ბრუნვის მოცულობის 67.4% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა,
14.7%
საშუალოზე, ხოლო 17.9% მცირე ბიზნესზე.
ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 35.9%, მოდიოდა
ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილს იკავებდა
ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 32.9%-იანი
წილით, შემდეგ მოდიოდა დამმუშავებელი მრეწველობა 7.3%-ით.
ბრუნვისგან განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი
გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის
გამოშვების 43.6%, საშუალოზე 24.9%, ხოლო მცირე ბიზნესზე 31.5%.
პროდუქციის გამოშვებაში პირველ ხუთ ადგილს დამმუშავებელი მრეწველობა
(18.6%), ვაჭრობა (18.5%), მშენებლობა (18.5%), ტრანსპორტი და
დასაწყობება (9.3%) და ინფორმაცია და კომუნიკაცია (8.4%) იკავებდა,
ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 26.6%-იანი წილი
ეჭირა.
2025 წლის IV კვარტალში, საწარმოთა მიერ საქონლისა და მომსახურების
მთლიანმა ყიდვებმა 35.6 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით 7.2%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი
საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 20.2 მილიარდი ლარი (გასული წლის
შესაბამის პერიოდთან შედარებით 7%-ით მეტი) შეადგინა.