ბათუმში მოქმედი პოლიციელი სავარაუდოდ ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს
გასულ კვირას ბათუმში მოქმედი პოლიციელი დააკავეს - სავარაუდოდ, მაღაზიის ყაჩაღობის ბრალდებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, - რომლის თანამშრომელიც არის ბრალდებული, - ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა პროკურატურის პრესცენტრს კითხვებით, რომელი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება და აღკვეთის რა ღონისძიების გამოყენებას მოითხოვენ სასამართლოში.

საგამოძიებო უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე, ინფორმაცია განახლდება.

ეს ამბავი თავდაპირველად ადგილობრივმა გამოცემა „აჭარა თაიმსმა“ გაავრცელა.

გამოცემის ცნობით:
  • ინციდენტი გასულ კვირაში ბათუმში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ქსელურ მაღაზიაში, „სპარში“, მოხდა.
  • დაკავებულია პოლიციელი, ინიციალებით „ტ.რ.“, რომელიც ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების თანამშრომელია.
  • „აჭარა თაიმსის“ თანახმადვე, იგი, სავარაუდოდ, აზარტულ თამაშებზეა დამოკიდებული და დაკავებულის „კოლეგები ამას უკავშირებენ მომხდარს“.
მოგვიანებით „ტვ პირველმა“ თქვა, რომ დაკავებულია 32 წლის პირი, გვარად რიჟვაძე.

ტელევიზია ციტირებს დაუსახელებელ წყაროს, რომლის თანახმადაც, „პოლიციელმა აზარტულ თამაშებში თანხა წააგო და სწორედ ეს გახდა დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მოტივი".

წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები