საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული
სააგენტოს თანამშრომლების მიერ ქვეყნის
სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული
ღონისძიებების შედეგად, 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე
გამოვლენილი კორუფციული დანაშაულების ფარგლებში 30 ადამიანი დააკავეს
და პასუხისგებაში მისცეს.
პირველი საქმე ეხება ახმეტის მუნიციპალიტეტს. ქრთამის აღებისა და
ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე დაკავებულია ახმეტის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ერთი მოქალაქე. გამოძიების
ინფორმაციით, საკრებულოს წევრმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი
პირის დახმარებით, ახმეტის რაიონის სოფელ კასრისწყალში საკარანტინე
სივრცის მოსაწყობად 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის
სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 3 000 ლარი გამოართვა. გამოძიება
მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი
ნაწილით და 25, 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით
6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეორე საქმე ქობულეთში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად
გამოყენებისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტს ეხება. დაკავებულია ორი
ადამიანი, მათ შორის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
პროფესიული სასწავლებლის — სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯ „ახალი ტალღის“
პროფესიული კურსის კოორდინატორი. გამოძიების ინფორმაციით, მან მასთან
დანაშაულებრივ
კავშირში მყოფ პირთან ერთად ერთ პირს პროფესიული
სასწავლებლის კურსდამთავრებულის ყალბი სერტიფიკატი დაუმზადა.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის
პირველი ნაწილით და 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც
სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
მესამე საქმე თბილისში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით
თაღლითობის მცდელობის ფაქტს ეხება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი
გამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან
ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში დაკავებულია შინაგან საქმეთა
სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი.
გამოძიებით დადგინდა, რომ მეხანძრე-მაშველი საბერძნეთის მოქალაქეს
სავაჭრო ჯიხურის გასახსნელად თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ქირით აღებასა და
შემდგომ საქმიანობაში მფარველობას დაჰპირდა. სანაცვლოდ მან 5 000 ლარი
მოსთხოვა და წინასწარ 1 300 ლარი გამოართვა. გამოძიება მიმდინარეობს
სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და
მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
მეოთხე საქმეზე დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების, სამსახურებრივი
სიყალბისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე მარტვილის
მუნიციპალიტეტის მერიის ორ სპეციალისტს ბრალდება წარედგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მათ შეადგინეს მიწის ნაკვეთის ადგილზე
დათვალიერების ყალბი ოქმი, რომლის საფუძველზეც მოქალაქემ თაღლითურად
დაირეგისტრირა სახელმწიფოს კუთვნილი 2 560 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის
ღირებულება 13 500 ლარს შეადგენს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის
სამართლის კოდექსის 25, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით,
ასევე 341-ე და 342-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით
6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეხუთე საქმეზე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში
დახმარებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე პასუხისგებაში
მიეცნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ლიის
ადმინისტრაციულ ერთეულში და ამავე მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი
წარმომადგენელი სოფელ ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში. მათი მიერ
გაცემული ყალბი ცნობების საფუძველზე მოქალაქეებმა თაღლითურად
დაირეგისტრირეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 180-ე მუხლის
მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე
341-ე მუხლით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
მეექვსე საქმეზე ბრალდება წარედგინა ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფელ
ოყურეშის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის ყოფილ წარმომადგენელს. მისი
გაცემული ყალბი ცნობის საფუძველზე მოქალაქემ თაღლითურად დაირეგისტრირა
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 11 448 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის
ღირებულება 165 930 ლარს შეადგენს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის
სამართლის კოდექსის 25, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 341-ე მუხლით, რაც 6-დან 9 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეშვიდე საქმეზე ბრალდება წარედგინა გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ
ყარაჯალარის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის ყოფილ წარმომადგენელს.
მისი გაცემული ყალბი ცნობის საფუძველზე მოქალაქემ თაღლითურად
დაირეგისტრირა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ოთხი მიწის ნაკვეთი —
საერთო ფართობით 8 840 კვ.მ, რომელთა ღირებულება 67 060 ლარს
შეადგენს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 25,
180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 341-ე
მუხლით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მერვე საქმეზე მცხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს
ბრალდება წარედგინა სამსახურებრივი სიყალბისა და დიდი ოდენობით
თაღლითობაში დახმარების ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის
სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით და 25, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის
„ბ“ ქვეპუნქტით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
მეცხრე საქმეზე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით
თაღლითობის მცდელობის ფაქტზე პასუხისგებაშია მიცემული მარნეულის
მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელი და
ერთი მოქალაქე. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის
19, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტებით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
მეათე საქმეზე დიდი ოდენობით თაღლითობის, ყალბი დოკუმენტის
დამზადებისა და გამოყენების და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე
ბრალდება წარედგინა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის რამდენიმე
თანამშრომელს, ასევე შპს „არტიფექსის“ დირექტორს და შპს „ლტ
ექსპერტის“ ექსპერტს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის
კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის
პირველი ნაწილით და 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეთერთმეტე საქმეზე დიდი ოდენობით თაღლითობის, თაღლითობაში
დახმარებისა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის
ფაქტებზე ბრალდება წარედგინა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ყოფილ თავმჯდომარეს, ასევე ა(ა)იპ „სენაკის საფეხბურთო კლუბის“
დირექტორსა და მის მოადგილეს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის
სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“
ქვეპუნქტებით, 25, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“
ქვეპუნქტებით და 337-ე მუხლით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
მეთორმეტე საქმეზე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით
თაღლითობის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებისა და
სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე პასუხისგებაში მიეცნენ ხულოს
მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების
შესრულების მონიტორინგისა და ანგარიშსწორების კომისიის ყოფილი
თავმჯდომარე და ორი წევრი, ასევე ზედამხედველი კომპანიის ორი ექსპერტი
და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების ყოფილი ხელმძღვანელები.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის
მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 220-ე პრიმა მუხლის პირველი
ნაწილით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 342-ე მუხლის
პირველი ნაწილით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში
აცხადებენ, რომ უწყება აგრძელებს მუშაობას კორუფციული დანაშაულების
გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, რათა საქართველო კორუფციის დაბალი
დონით ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად ჩამოყალიბდეს.