მარნეულის მერი და მოადგილე რიმა ოთარაშვილისთვის წარდგენილ ბრალდებაზე კომენტარს არ აკეთებენ
მარნეულის მერი, დაურ ისმაილოვი და მისი მოადგილე, გიორგი გოდაბრელიძე კომენტარს არ აკეთებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელის, რიმა ოთარაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალზე.

9 მარტს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რიმა ოთარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობი თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე 20 000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის რამდენიმე ნაწილად დაყოფა-გამიჯვნის საკითხის თითქოს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში დადებითად გადაწყვეტის სანაცვლოდ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელმა და მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა მოქალაქისგან მოითხოვეს 60 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ აიღეს 5 000 აშშ დოლარი”. - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში

რიმა ოთარაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ დაუკავებია. 9 მარტს რადიო „მარნეულს“ წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ოთარაშვილი კვლავ მერიის შენობაში იმყოფებოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ისმის, თუ როგორ ეუბნება რიმა ოთარაშვილი მოქალაქეს, რომ მის საქმეს, რომლის შესასრულებლადაც 60 000 აშშ დოლარი მოითხოვა, 100%-ით მოაგვარებს და აცხადებს, რომ „ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაც იქნება მერი“.

რამდენიმე დღა ვცდილობთ მარნეულის მერისა და მისი მოადგილის ჩაწერას. ჩვენ მათგან გვინდა გავიგოთ პასუხი კითხვებზე, თუ რატომ იყო მარნეულის „ქალთა ოთახის“ ხელმძღვანელი რიმა ოთარაშვილი

მიწის გაფორმების საკითხებში ჩართული, რატომ ახსენებს მარნეულის მერს თაღლითობის მცდელობის დროს და აგრძელებს თუ არა მერიაში მუშაობას. ისმაილოვმა და გოდაბრელიძემ სატელეფონო ზარებზე არ გვიპასუხეს, ხოლო დღეს, 12 მარტს, მარნეულის მერიაში მისვლისას ჩვენს ჟურნალისტთან შეხვედრა არ ისურვეს და ინფორმაცია, რომ „კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლისგან შემოგვითვალეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები