ლაგოდეხში დააკავეს პირები, რომლებმაც კაცს პირადი ცხოვრების კადრები გაუვრცელეს — შსს საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს
მამაკაცს პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით ფულს სძალავდნენ — პოლიციამ თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონულმა სამმართველომ ორი ახალგაზრდა დააკავა. მათ ბრალად ედებათ მამაკაცისგან ჯგუფურად ფულის გამოძალვა, ანგარებით პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა და მსხვერპლის თვითმკვლელობამდე მიყვანა.

საქმის მასალებისა და გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები არიან 2006 წელს დაბადებული ნ.გ. და 2007 წელს

დაბადებული ნ.მ. დადგინდა, რომ გასული წლის ზაფხულში, ბრალდებულებმა 1994 წელს დაბადებულ მამაკაცს (გ.გ.), თანხის გამოძალვის მიზნით, სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გაუვრცელეს. აღნიშნული ფაქტიდან მალევე, მსხვერპლმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.


სამართალდამცველებმა ბრალდებულები კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე (გამოძალვა), 157-ე პრიმა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) და 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები