სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოსა და იმერეთის დეპარტამენტების
წარმომადგენლებმა
ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად ცხოველთა არალეგალური
სასაკლაოები გამოავლინეს.
სააგენტოს ინფორმაციით, აბაშაში ფიზიკური პირი ჯ.ს. სააგენტოს მიერ
მინიჭებული სავალდებულო საქმიანობის აღიარების გარეშე, განმეორებით
კლავდა მსხვილფეხა პირუტყვს შემდგომი რეალიზაციის მიზნით. არალეგალური
საქმიანობა ასევე გამოვლინდა თერჯოლასა და ზესტაფონში, სადაც
ინდმეწარმე გ.ზ. და ფიზიკური პირი ს.მ. ვეტერინარული ზედამხედველობის
გარეშე კლავდნენ ცხოველებს.
ორივე ობიექტზე დაფიქსირდა
კრიტიკული შეუსაბამობები. თერჯოლაში,
არალეგალურ სასაკლაოზე, დაილუქა 70 კილოგრამზე მეტი გოჭისა და
მსხვილფეხა საქონლის ხორცი, ხოლო ზესტაფონში – 8 კილოგრამი ბოცვრის
ხორცი.
ინდმეწარმე და ფიზიკური პირები დაჯარიმდნენ, ხოლო საწარმოო პროცესი
შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე შეუჩერდათ. პროდუქცია
კანონმდებლობის შესაბამისად დაილუქა.
სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ ვეტერინარული
ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის
ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს და ზრდის ზოონოზური დაავადებების, მათ
შორის ჯილეხისა და ბრუცელოზის გავრცელების რისკს. სააგენტო მოუწოდებს
მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ცხოველთა კუსტარულ პირობებში
დაკვლისგან.