აგვისტოდან, თბილისიდან-ბათუმამდე მატარებლით მგზავრობის დრო
საათნახევრით,
ხოლო თბილისიდან-ახალციხემდე 3 საათით შემცირდება, - ამის შესახებ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ
სხდომაზე განაცხადა.
„საქართველოს რკინიგზამ განვითარების 2026-2028 წლის
სამოქმედო გეგმა. ამ გეგმის თანახმად, ჩვენ შევისყიდით, 50 ახალ
ლოკომოტივს, ასევე 150 ახალ ვაგონს, დავნერგავთ თანამედროვე
სარკინიგზო სისტემებს.
ასევე შევისყიდით 10 ახალ სამგზავრო მატარებელს, შედეგად ყველა
მაგისტრალური რეისი შესრულდება ახალი მატარებლებით. სარკინიგზო
გადაყვანები უფრო კომფორტული და სწრაფი გახდება, მგზავრთა გადაყვანის
წლიური მაჩვენებელი კი, 2 მილიონიდან 5 მილიონამდე გაიზრდება.
გარდა ამისა, რკინიგზას დაემატება თბილისი-ქუთაისის მიმართულება,
ასევე აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმის რკინიგზის მშენებლობა,
რის შედეგადაც მგზავრობის დრო საათნახევრით შემცირდება და
თბილისი-ბათუმს შორის გადაადგილებას ხუთსაათნახევრის ნაცვლად 4 საათი
დასჭირდება.
ამასთან, აგვისტოში დასრულდება თბილისი-ახალციხის რკინიგზის
რეაბილიტაცია, რის შედეგადაც აღდგება აღნიშნული რეისი, რომელიც 2009
წლიდან იყო გაუქმებული. შედეგად, განახევრდება გადაადგილების დრო და
თბილისიდან ახალციხის მიმართულებით გადაადგილებას 6 საათის ნაცვლად, 3
საათი დასჭირდება.
ამასთან, მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის გეგმის ნაწილი,
ბორჯომ-ბაკურიანის მატარებლის ე.წ. კუკუშკის რეაბილიტაციის თაობაზე.
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც მატარებელს, ისე სარკინიგზო
ინფრასტრუქტურას, განხორციელდება 5 შესაბამისი სარკინიგზო სადგურის
რეაბილიტაცია. ეს ხაზიც 2020 წლიდან იყო გაჩერებული და გეგმის
მიხედვით, მატარებელი მომავალი წლის იანვრიდან მოემსახურება
მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს,“ - განაცხადა
კობახიძემ.