საქართველოს სახალხო დამცველმა 2025 წელს სპეციალური ანგარიში „წყალზე
უფლების ხელმისაწვდომობა საქართველოში“ გამოაქვეყნა.
როგორც სპეციალურ ანგარიშში, ასევე, 2025 წლის საპარალამენტო
ანგარიშში
მიმოხილულია ქვეყანაში არსებული გამოწვევები, რომლებიც, წლებია,
აფერხებს წყალზე უფლების რეალიზაციას.
დოკუმენტში წერია, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, საანგარიშო
პერიოდში, მოქალაქეები აქტიურად მიმართავდნენ სახალხო დამცველს წყლის
უფლების საკითხებზე. აპარატში შესული განცხადებები ეხებოდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში, აბაშის მუნიციპალიტეტის
სოფელ საგვაზაოში,
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში
შემავალ სოფლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში
ერთ-ერთი მოქალაქის და თბილისში, ერთერთ ქუჩაზე რამდენიმე ოჯახის
წყალმომარაგების პრობლემებს.
“საანგარიშო პერიოდში შემოსული საქმეები ძირითადად
უკავშირდება არასაკმარისი ოდენობის წყალზე ხელმისაწვდომობას, რაც,
თავის მხრივ, სხვადასხვა ფაქტორით არის განპირობებული, მაგალითად,
წყლის მიწოდების დროის ხანგრძლივობითა და პერიოდულობით, უბნების
მიხედვით განსხვავებული გრაფიკებით, სეზონურად გაზრდილი და ზოგჯერ
არამიზნობრივი მოხმარებით, რელიეფური მდებარეობით და წყლის დებეტის
ნაკლებობით; ასევე, გამოწვევაა გაუმართავი წყლის სისტემები ან ასეთი
სისტემის არარსებობა, რაც მოქალაქეებს იძულებულს ხდის გამოიყენოს
ბუნებრივი წყაროები, თავად იზრუნონ წყლის შეგროვებაზე, რაც, თავის
მხრივ, ინდივიდუალურ შესაძლებლობებს უკავშირდება და, ამდენად,
არათანაბარ უფლებრივ მდგომარეობასაც იწვევს; ამასთანავე, პრობლემურია
მოქალაქეების ინფორმირება წყლის ხარისხთან და სერვისის სხვა
ასპექტებთან დაკავშირებით” - ვკითხულობთ ანგარიშში.
ომბუდსმენის შეფასებით, მუნიციპალიტეტებმა უნდა გააძლიერონ ძალისხმევა
წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად და ეფექტიანად გამოიყენონ არსებული
რესურსები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს იმ დასახლებებს,
სადაც მოსახლეობა სრულად თვითმომარაგებაზეა დამოკიდებული.
“ეს საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებში,
სადაც წყალმომარაგება არც ლიცენზირებული და არც არალიცენიზრებული
კომპანიების საშუალებით არ ხდება და სრულად მოქალაქეების
თვითმომარაგების შესაძლებლობაზეა მინდობილი. ასევე, კომპანიებმა და
მუნიციპალიტეტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ წყლის შეწყვეტის
მიზეზებთან, ხანგრძლივობასთან, სერვისის აღდგენის დროსთან და
მიწოდებული წყლის ხარისხთან დაკავშირებით, აუცილებელია მოქალაქეების
დროული ინფორმირება, მით უფრო, როდესაც წყალზე წვდომა განგრძობითად
იზღუდება. ამასთანავე, მოქალაქეების უფლებაა პრობლემის მოგვარებამდე
მომარაგდნენ წყლის აუცილებელი მინიმალური ოდენობით” - წერია
სახალხო დამცველის ანგარიშში.
ანგარიში ასევე ხაზგასმით მიუთითებს იმაზე, რომ მოქალაქეების დროული
ინფორმირება, წყლის მინიმალური ოდენობით უზრუნველყოფა და სერვისის
გამჭვირვალობა წარმოადგენს აუცილებელ სტანდარტს.