საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 5.5%-ით გაიზრდება - ADB -ს პროგნოზი
საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 2025 წლის 7.5%-დან 2026 წელს 5.5%-მდე შენელდება. ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 2026 წლის აპრილის ანგარიშშია საუბარი.

გამოცემის მიხედვით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა შემცირდება მომსახურების სექტორის შენელებისა და სუსტი საგარეო მოთხოვნის ფონზე.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გახანგრძლივებამ და გაზრდილმა გეოპოლიტიკურმა რისკებმა კი ADB-ის პროგნოზით, ზრდა შესაძლოა, კიდევ უფრო შეანელოს.

ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მოსალოდნელია, რომ შიდა მოხმარების შენელების ფონზე, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად შემოსული მიგრანტების შემცირებული წვლილის შედეგი იქნება, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა, 2027 წელს კიდევ უფრო შემცირდება და 5.2%-ს მიაღწევს.

"2026 წელს მშენებლობისა და წარმოების ზრდის ფონზე მოსალოდნელია მრეწველობის 2.4%-მდე გაზრდა, 2025 წლის 1.4%-თან შედარებით, ხოლო 2027 წელს 2%-მდე შემცირება. მომსახურების სექტორი კვლავ ზრდის მთავარ მამოძრავებლად დარჩება, თუმცა მოსალოდნელია მისი შენელება —2025 წლის 10.8%-დან 2026 წელს 7.5%-მდე და 2027 წელს 6.8%-მდე. სოფლის მეურნეობა 2026 წელს დასტაბილურდება და 2027 წელს 1.7%-იან ზრდას დაუბრუნდება, 2025 წელს 6.1%-იანი შემცირების შემდეგ. აღდგენას ხელს შეუწყობს სარწყავი სისტემებისა და პროდუქტიულობის ბოლოდროინდელი გაუმჯობესება," - ვკითხულობთ ანგარიშში.

როგორც

ანგარიშშია აღნიშნული, ADB-ს პროგნოზი ემყარება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ადრეული დასტაბილურების სცენარს, რომელიც 10 მარტს განსაკუთრებით მაღალი გაურკვევლობის პირობებში გაკეთდა.

„გლობალური შოკების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადად ინარჩუნებდა პოზიციებს და 2025 წელს ძლიერი, 7.5%-იანი ზრდა აჩვენა," — აცხადებს ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა.

„მომატებულმა საგარეო რისკებმა, მათ შორის ომმა უკრაინაში და დაძაბულობამ ახლო აღმოსავლეთში, შესაძლოა ზიანი მიაყენოს ეკონომიკურ აქტივობას, შეანელოს გლობალური აღდგენა და გაზარდოს ინფლაციური წნეხი.

ამ კონტექსტში კი, ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად საქართველოს სჭირდება რეგიონული და გლობალური ინტეგრაციის გაღრმავება და დაკავშირებადობის ჰაბის როლის გამყარება.

ეს მოითხოვს ინფრასტრუქტურასა და ლოგისტიკაში მიმდინარე ინვესტიციების გაგრძელებას, რეგიონულ პარტნიორებთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას, ვაჭრობის გაფართოებასა და კერძო სექტორის მხარდაჭერის გაზრდას,“
- ნათქვამია ანგარიშში.

ცნობისთვის, წინა - 2025 წლის სექტემბრის ანგარიშით, აზიის განვითარების ბანკი 2026 წელს, საქართველოს ეკონომიკის 5%-იან ზრდას პროგნოზირებდა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები