როგორ სწავლობს მარნეულელი ჯენზ-ი ქართულს
დღეს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება - თარიღი, რომელიც ქართული ენის მნიშვნელობასა და მის დაცვას უსვამს ხაზს. შეიძლება ითქვას, რომ ეს დღე განსაკუთრებით სიმბოლურია იმ ადამიანებისთვის, ვინც ქართულს, როგორც მეორე ენას სწავლობს და ყოველდღიურად ამ პროცესში სხვადასხვა სირთულეს უმკლავდება.

მარნეულში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობენ და გვიზიარებენ, როგორ ისწავლეს ქართული ენა, რა

დაბრკოლებებს გადააწყდნენ და რა დაეხმარათ ამ გზაზე.

ზემო სარალში მცხოვრები მურად ნაგიევი ქართულ ენის სწავლებას შედარებით გვიან , მერვე კლასში შეუდგა. ქართულ სკოლაში გადასვლის შემდეგ განსაკუთრებით გაუჭირდა მასწავლებლების გაგება.

„პირველი კლასიდან, სერიოზულად არ ვუყურებდი ენის შესწავლას, მაგრამ როდესაც გავიზარდე და გავიაზრე, რომ მჭირდება, მაშინ დავიწყე. ქართულ სკოლაში თავდაპირველად მერვეე კლასში გადავედი, კარგად არ მესმოდა ენა, ვერ ვიგებდი მასწავლებლები რას მეუბნებოდნენ. ჩემ თავზე დავიწყე მუშაობა და ვისწავლე ისეთი სიტყვები რაც ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა. მაგალითად, „ამ გვერდზე გადაშალეთ“, რიცხვები ვისწავლე , რომ გამეგო რა გვერდზე უნდა გადამეშალა წიგნი, მერე დავიწყე რასაც მასწავლებლები იყენებდნენ, მაგალითად „დაწერეთ დავალება“ ასეთი სიტყვები. ასოებიც მეშლება ხოლმე „ტ“, „თ“, ამის გამო მეშლება მერე სიტყვებიც.“

მურადის გამოცდილება აჩვენებს, რომ ყოველდღიური პრაქტიკა მნიშვნელოვანი ფაქტორია ენის შესწავლაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა საწყისი ცოდნა მწირია.

ქართული ენის სწავლაში კომუნიკაციის მნიშვნელობაზე საუბრობს მარნეულის N5 საჯარო სკოლის მოსწავლე აისუნ ვალიევა. მან სწავლა თურქეთში დაიწყო, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ქართულის შესწავლა თავიდან მოუწია.

„აზერბაიჯანელებს ზოგადად ‘კ’, ‘ყ’, ‘წ’-ს თქმა გვიჭირს. მე, მაგალითად, მიჭირდა სიტყვა ‘დაბრკოლების’ თქმა, ვერ ვამბობდი ‘ყანწს’ და ‘საჭვრეტს’. თურქეთში სწავლა უფრო მარტივი იყო, მაგრამ საქართველოში დაბრუნების შემდეგ ქართული ძალიან გამიჭირდა. მეხუთე კლასიდან დავიწყე სერიოზულად სწავლა. ყველაზე მეტად კი მაშინ ვისწავლე, როცა ქართველი მეგობრები შევიძინე - კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია ენის შესასწავლად.“ -გვიყევბა აისუნი.

განსხვავებული გზა ჰქონდა ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე,  ლეო მუსტაფაევს, რომელმაც ქართული ენა ბავშვობიდანვე, ოჯახისა და გარემოს გავლენით შეისწავლა.
მისი თქმით, ენის სწავლაში განსაკუთრებული როლი ოჯახმა და საბავშვო ბაღმა ითამაშა.

„ბავშვობიდან დავიწყე ქართული ენის სწავლა, რადგან ბებიაჩემი ქართველია. ხშირად დავდიოდი მისი ოჯახის წევრებთან, სადაც ყველა ქართულად ლაპარაკობდა. ასევე დავდიოდი ქართულენოვან ბაღში, სადაც ბავშვების უმეტესობა ქართველები იყვნენ - ეს ძალიან დამეხმარა. თავიდან მიჭირდა ზოგი ასო, მაგალითად ‘ჯ’, ‘ჭ’, ‘ძ’. ზოგჯერ ‘ჯარის’ მაგივრად ‘ჭარს’ ვამბობდი. ყველაზე მეტად მიყვარს სიტყვა ‘დედა’, რადგან მასთან ბევრი მნიშვნელოვანი რამ არის დაკავშირებული.“

ლეოს ისტორია ადასტურებს, რომ ადრეული ასაკიდან ენობრივ გარემოში ყოფნა მნიშვნელოვნად ამარტივებს სწავლის პროცესს.
14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.









Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები