სოფელ შულავერში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს,
სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 173-ე მუხლით ორი პირი დააკავეს, ინფორმაცია რადიო
"მარნეულს" შშს-ში დაუდასტურეს. მუხლი პოლიციისადმი
დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ადგილობრივი ფერმერები დღეს დილიდან შეიკრიბნენ და პროდუქციის
რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მარნეულის მერთან,
დაურ ისმაილოვთან შეხვედრას ითხოვდნენ.
მიუხედავად აქციის მონაწილეთა მოთხოვნისა, მერი ადგილზე არ მივიდა,
რამაც სიტუაციის დაძაბვა და მაგისტრალის გადაკეტვის მცდელობა
გამოიწვია.
მოგვიანებით
ფერმერებს მერის მოადგილე, როინ გოდაბრელიძე შეხვდა,
რომელიც მათ საქმეში გარკვევასა და საკითხის განსახილველად მერიის
შენობაში მისვლას სთავაზობს.
ამ დროისთვის მერის მოადგილე აქციის მონაწილეებთან რჩება და
დაკავებული პირების გათავისუფლებას მათთან ერთად ელოდება.