სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა
ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი გიორგი უძილაური.
პროსახელისუფლებო „რუსთავი 2“-ის გავრცელებული ინფორმაცია რადიო
თავისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
ბოლო მონაცემებით, გიორგი უძილაური იკავებდა ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობას.
„დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის
წარმომადგენელთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული
ხასიათის სისტემატური კონტაქტები. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული
ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე,
წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით.
ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა, როგორც პირისპირ კონტაქტის,
ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით“, -
განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა
მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ და აღნიშნა, რომ მის დასაკავებლად
კონტრდაზვერვის დეპარტამენტი რამდენიმე თვის განმავლობაში
მუშაობდა.
ფინანსურ პოლიციაში მუშაობის დაწყებამდე ჯაშუშობის ბრალდებით
დაკავებული უძილაური „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა
ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის
უფროსი იყო.