2025 წელს „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში,
შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაცია 13 489
სამუშაოს მაძიებელმა გაიარა.
ამის შესახებ დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025
წლის ანგარიშშია აღნიშნული.
ამავე ანგარიშის მიხედვით, წლიურად ბაზაში რეგისტრირებულ სამუშაოს
მაძიებელთა რიცხვი 59%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2024 წელს სისტემაში
რეგისტრირებული იყო 8 484 პირი.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, გასულ წელს სამუშაოს მაძიებელთაგან
9
420 ქალი იყო, ახალგაზრდა კი - 3 706 პირი.
რეგიონული განაწილების მიხედვით, ყველაზე მეტი რეგისტრირებული
სამუშაოს მაძიებელი სამეგრელო - ზემო სვანეთისა და იმერეთის
რეგიონებში დაფიქსირდა.
ამავე ანგარიშში საუბარია „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების
ხელშეწყობის ქვეპროგრამაზეც“, რომლის ფარგლებშიც, ქვეპროგრამით
მოსარგებლეებს შეთავაზებული ჰქონდათ 3 ალტერნატიული გზა იმისთვის, რომ
4 წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის უწყვეტად გაცემის
(გადამოწმების გარეშე) სპეციალური პირობებით ესარგებლათ.
2025 წლის მონაცემებით, აღნიშნული პროგრამა 54 842 ოჯახსა და 244 895
პირზე გავრცელდა. (შენიშვნა: თუ ოჯახიდან ერთი პირი მაინც იყო ჩართული
პროგრამაში, სპეციალური პირობები ოჯახის ყველა წევრზე ავტომატურად
ვრცელდებოდა)
განაწილება რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება:
- თბილისი - 9 466 ოჯახი, 39 924 პირი;
- გურია - 2 652 ოჯახი, 12 334 პირი;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2 052 ოჯახი, 6 925 პირი;
- კახეთი - 5 317 ოჯახი, 24 273 პირი;
- იმერეთი - 7 999 ოჯახი, 36 055 პირი;
- მცხეთა-მთიანეთი - 2 148 ოჯახი, 9 232 პირი;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 8 660 ოჯახი, 37 153 პირი;
- სამცხე-ჯავახეთი - 1 818 ოჯახი, 8 753 პირი;
- ქვემო ქართლი - 5 314 ოჯახი, 23 857 პირი;
- შიდა ქართლი - 3 177ოჯახი, 14 961 პირი;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 6 239 ოჯახი, 31 418 პირი.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, კონკრეტულად საზოგადოებრივ
სამუშაოზე ხელშეკრულება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში
რეგისტრირებულ 28 686 პირთან გაფორმდა. მათ შორის, 16 194 ქალი იყო, 2
191 კი ახალგაზრდა.
„მონაცემების ანალიზი მეტყველებს, რომ სოციალურად
დაუცველი პირების საერთო რაოდენობიდან 2025 წელს „საზოგადოებრივ
სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამაში“ პროცენტულად
ყველაზე მეტი ქალი იყო ჩართული (56,5%) და მათ დომინანტური
მდგომარეობა უკავიათ, ხოლო ახალგაზრდები შედარებით წაკლებად არიან
წარმოდგენილნი (7,6%)“, - ნათქვამია ანგარიშში.
ინფორმაციისთვის, სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოზე
დასაქმების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დასაქმებულები სახელმწიფოსგან
დამატებით 300 ლარს იღებდნენ, მიმდინარე, 2026 წლიდან შეწყდა.
პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა 91 მლნ ლარით შემცირდა და საბოლოო
ბიუჯეტი 21.6 მლნ ლარით განისაზღვრა. მმართველი გუნდის არგუმენტაციით,
პროგრამის შეწყვეტის ძირითადი მიზეზი შრომის ბაზარზე არსებული სამუშაო
ძალის დეფიციტი გახდა.
შეგახსენებთ, დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის მარტიდან
ამოქმედდა. სოციალურად დაუცველებს ხელისუფლებამ საჯარო სამსახურებში
დასაქმება შესთავაზა შემწეობის 4 წლის განმავლობაში შენარჩუნების
პარალელურად. ნებისმიერ ასეთ სამუშაო ადგილზე ხელფასი 300 ლარი
იყო.