გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, შავი
ზღვის დაცვა უწყებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.
დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო წყლის
დაბინძურების შემცირებისა და უკანონო თევზჭერის პრევენციის მიზნით,
შავ ზღვაზე უწყვეტ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს.
უწყების მონაცემებით, 2026 წელს უკვე ჩატარებულია 81 გემის
ინსპექტირება, რის შედეგადაც 15 სამართალდარღვევა გამოვლინდა. მათ
შორის, 6 შემთხვევაში დაფიქსირდა ზღვის დაბინძურების ფაქტი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შეფასებით, ბოლო წლებში
მნიშვნელოვნად შემცირდა გემების მხრიდან ზღვის ნავთობპროდუქტებით
დაბინძურების შემთხვევები. უწყებაში ამას უკავშირებენ როგორც
კონტროლის გაძლიერებას და შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს
ეფექტიან მუშაობას, ასევე გაზრდილ საჯარიმო სანქციებს, რომლებსაც
პრევენციული ეფექტი აქვს.