დავით სონღულაშვილმა ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო თანამშრომლობა, როგორც მდგრადი განვითარების საფუძველი და სასურსათო უსაფრთხოების გარანტია“.

მინისტრთან ერთად კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი მაჯნუნ მამედოვი, უზბეკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი იბროჰიმ აბდურახმანოვი და თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი იბრაჰიმ იუმაკლი.

დავით სონღულაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება

გაამახვილა კლიმატური რისკების მართვის, რეგიონული თანამშრომლობისა და აგროსექტორში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობაზე, რომლებიც მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებასა და ქვეყნის გრძელვადიანი სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

მისი თქმით, სოფლის მეურნეობა დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური გამოწვევის წინაშეა — კლიმატის ცვლილება, რომელიც პირდაპირ აისახება როგორც წარმოებაზე, ისე სოფლის მოსახლეობის კეთილდღეობაზე. მინისტრის განცხადებით, აუცილებელია სისტემური და გრძელვადიან ხედვაზე დაფუძნებული მიდგომა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მიზანია თანამედროვე, ეფექტიანი და კლიმატგამძლე აგროსექტორის შექმნა, რომელიც გააძლიერებს ფერმერთა მდგრადობას, შეამცირებს კლიმატური რისკების გავლენას და გაზრდის სოფლის ეკონომიკურ შესაძლებლობებს.

სონღულაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილებისა და სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავება ქვეყნებს ერთობლივი ძალისხმევის გარეშე გაუჭირდებათ. მისი თქმით, საჭიროა კავკასიის, შავი ზღვისა და კასპიის რეგიონის ქვეყნებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის გაძლიერება.

მინისტრის განცხადებით, საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონულ სავაჭრო და ლოგისტიკურ პროცესებში, ხოლო „შუა დერეფანი“ ქმნის შესაძლებლობას აგროპროდუქციის ეფექტიანი გადაადგილებისთვის.

დავით სონღულაშვილმა ასევე ისაუბრა ქვეყნის კლიმატგონივრულ აგროპოლიტიკასა და მიმდინარე რეფორმებზე. მისი თქმით, საქართველო აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს ირიგაციის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მიწის მართვის გაუმჯობესებაში, პარალელურად კი მიმდინარეობს წყლის რესურსების მართვის სისტემური რეფორმა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მონიტორინგის მექანიზმებს ეფუძნება.

კონფერენცია „თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო თანამშრომლობა, როგორც მდგრადი განვითარების საფუძველი და სასურსათო უსაფრთხოების გარანტია“ ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო აგროგამოფენის „CASPIAN AGRO 2026“-ის ფარგლებში გაიმართა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები