ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დავით
კიკნაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური
კრიმინალური პოლიციისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების
თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო 24 საათის
განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული
ღონისძიებებისა და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის
განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი
დააკავეს.
მისივე თქმით, კიდევ 7 პირს ბრალი წარედგინა — ნაწილს პენიტენციურ
დაწესებულებაში, ნაწილს
კი დაუსწრებლად, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფ
ორ ე.წ. „კანონიერ ქურდს“.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები აწყობდნენ ე.წ. „ქურდულ
გარჩევებს“ და იღებდნენ ე.წ. „ქურდულ გადაწყვეტილებებს“.
დავით კიკნაძის განცხადებით, დაკავებულები კავშირში იყვნენ „ქურდული
სამყაროს“ წარმომადგენლებთან, მათ შორის ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ —
ლევან მარღიასა და ნოდარ შუკაკიძესთან. გამოძიების მიხედვით, ისინი
პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. „ქურდული წესების“
შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსურ და კრიმინალურ
დავებზე გადაწყვეტილებებს იღებდნენ, რის შემდეგაც მხარეებს თანხის
გადახდას აკისრებდნენ. ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი,
მათ ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით
ემუქრებოდნენ.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები
წინასწარ შემუშავებული გეგმით თბილისის სხვადასხვა უბანში
ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, არჩევდნენ კონკრეტულ პირებს და მათი
ნების საწინააღმდეგოდ ინტერნეტბანკის საშუალებით სესხებს
ააქტიურებინებდნენ, რის შემდეგაც თანხას საკუთარ ანგარიშებზე
ირიცხავდნენ.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ბრალდებულები ე.წ. „კანონიერ
ქურდებს“ პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას თბილისში მცხოვრები იმ
პირების შესახებ, რომელთაგანაც შესაძლებელი იქნებოდა „ქურდული
სამყაროს“ სახელით მატერიალური სარგებლის მიღება და ფულის
გამოძალვა.
ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია მობილური
ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და ცეცხლსასროლი იარაღები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე
ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე
ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება ორგანიზებული
დანაშაულისა და „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი
საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.