შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო
შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების
შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით 12 პირი დააკავეს.
დაკავებულებს შორის არიან როგორც წარსულში ნასამართლევი პირები, ასევე
საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების
ჩხრეკისას, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის
დროს, მათ მიერ
მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ
გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და
ფსიქოტროპული ნივთიერებები. ამოღებულ ნივთიერებებს შორის არის ერთ
კილოგრამამდე „მეფედრონი“, „კეტამინი“, „მდმა“, „მეთადონი“, „ალფა
პვპ“, „პსილოცინის“ შემცველი სოკო, „მორფინის“ შემცველი აბები,
„პრეგაბალინი“, „ჰაშიში“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და „მარიხუანა“.
დაკავებულებს შორის არიან პირები, რომელთა მხილების მიზნითაც პოლიციამ
მათ სახელზე გამოგზავნილი ამანათების ჩანაცვლება განახორციელა და
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად
ამ სახითაც ამოიღო. გარდა ამისა, სამართალდამცველების მიერ
აღმოჩენილია სპეციალურად მოწყობილი სათბურები, სადაც განსაკუთრებით
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კანაფის“ უკანონოდ მოყვანა და
კულტივირება ხდებოდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე,
ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის
საჭირო შესაბამისი მასალები.
ამ დროისთვის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
260-ე, 260-ე კვარტა, 19-260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს,
რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.