მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობა მერიისა და საკრებულოს
თანამშრომლების პროფესიული განვითარების მიზნით სატრენინგო
მომსახურების შესყიდვისთვის ბაზრის კვლევას ატარებს.
საკრებულოს თანამშრომლებისთვის დაგეგმილი ტრენინგები ძირითადად
ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებებს მოიცავს.
კერძოდ, ოთხი მსმენელისთვის ჩატარდება ტრენინგები ადამიანური
რესურსების მართვის სტრატეგიასა და პერსონალის მართვის პოლიტიკაზე,
ასევე ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე. სამუშაოს ანალიზისა
და სამუშაო აღწერილობის თემაზე გადამზადებას 10 თანამშრომელი გაივლის.
ამავე რაოდენობის თანამშრომლებისთვის დაგეგმილია ტრენინგი
თანამშრომელთა შეფასების მეთოდებსა და პროცედურებზე. რეკრუტინგისა და
გასაუბრების ჩატარების ინსტრუმენტების მიმართულებით კი გადამზადებას
ასევე 10 თანამშრომელი გაივლის.
მერიის თანამშრომლებისთვის პროგრამა უფრო ფართო მიმართულებებს
მოიცავს. ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის, პერსონალის
მართვის პოლიტიკის, ადამიანური რესურსების მართვის, ასევე სამუშაოს
ანალიზისა და სამუშაო აღწერილობის საკითხებზე ტრენინგები ხუთი
მსმენელისთვის გაიმართება. თანამშრომელთა შეფასების მეთოდებისა და
პროცედურების კურსში მონაწილეობას 30 თანამშრომელი მიიღებს, ხოლო
რეკრუტინგისა და გასაუბრების ინსტრუმენტების თემაზე – 12
თანამშრომელი.
გარდა ამისა, მერიაში
დაგეგმილია სპეციალიზებული ტრენინგებიც.
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული
ადმინისტრაციული წარმოების, მშენებლობის ზედამხედველობის,
აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხებისა და დამრღვევის მიმართ
საურავის დარიცხვის წესის თემებზე ტრენინგი 13 მსმენელისთვის
ჩატარდება. არქიტექტურული პროექტების მართვას საჯარო ზედამხედველობის
ჭრილში 10 თანამშრომელი დაესწრება.
ინფრასტრუქტურის მიმართულებით თანამშრომლები გაივლიან ტრენინგებს
სამშენებლო საქმესა და გზების მშენებლობის ინოვაციურ ტექნოლოგიებში,
ინფრასტრუქტურული პროექტების მართვასა და ტექნიკურ ზედამხედველობაში.
აღნიშნულ პროგრამაში რვა მსმენელი მიიღებს მონაწილეობას. ასევე
დაგეგმილია ტრენინგი ინფრასტრუქტურული პროექტების მონაცემთა
დამუშავების, დოკუმენტირებისა და ანგარიშგების მიმართულებით, რომელსაც
სამი თანამშრომელი დაესწრება.
დოკუმენტაციის მიხედვით, ყველა ტრენინგი მარნეულის მერიის შენობაში
უნდა გაიმართოს.
ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მსურველ პირებსა და ორგანიზაციებს
წინადადებების წარდგენა 27–28 მაისის პერიოდში შეეძლებათ.