საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ
მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით
თანხის მოტყუებით დაუფლების, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში
უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო
ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის
ხელშეწყობისა და ორგანიზების, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის
დამზადება-გასაღების ფაქტებზე 3 პირი დააკავა და 6 პირის მიმართ
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
საქართველოს პროკურატურისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს
რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის
მიერ ერთობლივად ჩატარებული
ღონისძიების შედეგად გამოვლენილია ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი
ჯგუფი.
გამოძიებით დადგენილია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საემიგრაციო
პოლიტიკის გამკაცრების შედეგად აშშ-ის საზღვრის გადაკვეთა გართულდა.
აღნიშნულის გამო, საქართველოს ოთხმა მოქალაქემ დანაშაულებრივი
ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბა.
წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ისინი ამერიკაში თავშესაფრის
მსურველ საქართველოს მოქალაქეებს ეძებდნენ და მათ თავშესაფრის
მისაღებად საჭირო ისტორიის, ე.წ. „ქეისის“ შექმნას, მტკიცებულებების
შეგროვებასა და სასამართლოში მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ.
საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია
საქართველოს 366 მოქალაქის ვინაობა, რომლებმაც ამერიკის შეერთებულ
შტატებში თავშესაფრის მისაღებად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის
წევრებს მიმართეს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.