გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
2026 წლის 1-დან 31 მაისის პერიოდში უკანონო ტყითსარგებლობის 163
ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 105 ფაქტი
ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, ხოლო 58 შემთხვევა —
სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და
არალეგალურ საქმიანობას უკავშირდება.
გამოვლენილი ფაქტებიდან 18 შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის
ნიშნებს. აღნიშნულ შემთხვევებზე მასალები შემდგომი
რეაგირებისთვის
შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
მაისში ასევე დალუქულია 10 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო, ხოლო
ჯამურად ამოღებულია 284 კუბურ მეტრზე მეტი უკანონოდ მოპოვებული
ხე-ტყე.
რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი — 65 ფაქტი აჭარაში დაფიქსირდა.
შემდეგ მოდის იმერეთი — 23, სამეგრელო-ზემო სვანეთი — 22, გურია — 12,
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი — 10, სამცხე-ჯავახეთი — 9, კახეთი — 7,
შიდა ქართლი — 6, მცხეთა-მთიანეთი — 5, ქვემო ქართლი — 3. დედაქალაქში
კი ერთი უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა.
დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ქვეყნის
მასშტაბით უკვე გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 823 ფაქტი, ხოლო
დალუქულია 31 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ბუნებრივი
რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია მისი
ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. უწყება ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან
რეჟიმში ახორციელებს პატრულირებას და რეაგირებს ცხელ ხაზზე (153)
შემოსულ შეტყობინებებზე.