ჯგუფური ძარცვის, ქურდობისა და თაღლითობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის, ქურდობისა და თაღლითობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულთაგან ოთხი წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნები წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად მოქმედებდნენ და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან

სხვადასხვა ღირებულების პროდუქციას იტაცებდნენ, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ახერხებდნენ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა მოქალაქის კუთვნილ მობილურ ტელეფონს თაღლითურად დაეუფლა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგათ.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებულია ათეულობით სავაჭრო ობიექტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლებიც ბრალდებულების დანაშაულებრივ ქმედებებს ადასტურებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 177-ე და 180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები