მაისში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 56 ფაქტი გამოვლინდა — 45 კუბურ მეტრამდე მერქანი ამოიღეს
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მაისის თვეში სამართალდარღვევის 56 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 45 შემთხვევა ხე-ტყის უკანონო მოპოვებასა და ტრანსპორტირებას ეხება.

უწყების ინფორმაციით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 45 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

რეგიონების მიხედვით, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებიდან 5 სამართალდარღვევა გამოვლინდა იმერეთში, 5 — სამცხე-ჯავახეთში, 4

— რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, 18 — ქვემო ქართლში, 1 — მცხეთა-მთიანეთში, 7 — გურიაში, 4 — სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო 1 — შიდა ქართლში.

სააგენტოს ცნობით, დაფიქსირებული სამართალდარღვევებიდან 2 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი მოკვლევის მიზნით სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა.

ამასთან, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების პარალელურად, გამოვლენილია სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 11 ფაქტი, მათ შორის 8 შიდა ქართლში, 2 კახეთში და 1 სამეგრელო-ზემო სვანეთში.

მიმდინარე წლის იანვარ-მაისის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სულ გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 319 ფაქტი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები