შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის აჭარის მთავარი
სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ბათუმში
სხვადასხვა დროს 7 პირი დააკავეს.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის
მოქალაქეები.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი
სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი
ოდენობით, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული
საშუალება — ჯამში
ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“.
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ასევე ამოღებულია ნარკოტიკული
საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო სხვადასხვა მასალა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე,
260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.