შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა,
ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი დააკავეს. მათ
ბრალად ედებათ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და განზრახ მკვლელობის
მცდელობა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე
მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მომხდარი ურთიერთშელაპარაკება
ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ირკვევა, რომ ბრალდებულებმა ერთ
პირს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღიდან
გასროლით სამი პირი დაიჭრა, მათ შორის ერთ-ერთი თავად
ბრალდებულია", - წერს შსს.
დაპირისპირების დროს, ერთ-ერთი დაჭრილი შემთხვევის ადგილიდან მიმალვას
ცდილობდა, რა დროსაც საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან გადავარდა და
სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. რაც შეეხება დანარჩენ
ორ დაჭრილს, ისინი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით
კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა, მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის
ჩამდენი ორივე პირი დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი
ნივთმტკიცებად უკვე ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 19-108-ე და
143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 15 წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.