შსს-მ ქვეყნის მასშტაბით „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ფართომასშტაბიანი ოპერაცია ჩაატარეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 29 პირი, ხოლო კიდევ 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. მათ შორის ერთ-ერთი საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდია“.

უწყების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებში. კრიმინალური

გავლენის გასაძლიერებლად და მოდავე მხარეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად, პროცესში ჩართული იყო საზღვარგარეთ მცხოვრები „კანონიერი ქურდი“ ბესიკ ჯაფარიძე.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ჯაფარიძესთან შეთანხმებით, პერიოდულად აწყობდნენ ე.წ. „ქურდულ გარჩევებს“ როგორც პირადი შეხვედრების, ისე დისტანციური კომუნიკაციის საშუალებით. „კანონიერი ქურდი“ საბოლოო გადაწყვეტილებებს კრიმინალური სამყაროს წესებისა და ტრადიციების მიხედვით იღებდა, რის საფუძველზეც ერთ-ერთ მხარეს სოლიდური თანხის გადახდა ეკისრებოდა. ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვადების დარღვევის შემთხვევაში, ბრალდებულები მოქალაქეებსა და მათ ოჯახის წევრებს ფიზიკური ანგარიშსწორებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომლებითაც ისინი ერთმანეთსა და უცხოეთში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებს უკავშირდებოდნენ. ასევე ამოღებულია უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს განცხადებით, ორგანიზებულ დანაშაულსა და „ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლა უწყების უმთავრეს პრიორიტეტად რჩება და ნებისმიერი პირი, ვინც მსგავს სქემებში ჩაერთვება, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები