2026 წლის პირველ ნახევარში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2664 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2664 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 713 მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტია, 267 – მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა, 250 – სამშენებლო ან სხვა ინერტული მასალით გარემოს დანაგვიანება, 240 –

კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენისა და ამ გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნების დარღვევა, 85 – კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება, 46 – ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან დაბინძურება, 5 – სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ხოლო 1058 სხვა სახის დარღვევაა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ყველაზე მეტი – 654 ფაქტი ქვემო ქართლში გამოვლინდა. კახეთში დაფიქსირდა 372 სამართალდარღვევა, მცხეთა-მთიანეთში – 250, აჭარაში – 200, იმერეთში – 184, შიდა ქართლში – 176, სამცხე-ჯავახეთში – 146, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 130, გურიაში – 18, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში – 2 ფაქტი.

სამართალდარღვევები გამოვლინდა დედაქალაქშიც. უწყების ინფორმაციით, 2026 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 532 ფაქტი დაფიქსირდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, ნარჩენების მართვის ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით. ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153 – შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება ხორციელდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები