დეკლარაციის მიხედვით მარნეულის მერმა "ვოლგა გაზ 21" 25 000 ლარად შეიძინა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი, პირად საკუთრებაში ოთხ მსუბუქ ავტომანქანას ფლობს. აღნიშნული მონაცემები ასახულია თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის ბოლო დეკლარაციაში, რომელიც მან 2025 წლის 29 დეკემბერს შეავსო.

დოკუმენტის მიხედვით, დაურ ისმაილოვი 100%-იანი წილით ფლობს შემდეგ ავტომობილებს:

• Lexus es300h — შეძენილია 2025 წლის 20 ივნისს, ნასყიდობის ხელშეკრულებით, საფასური: 10 500 აშშ დოლარი.
• Toyota Camry Hybrid

XLE — შეძენილია 2024 წლის 9 დეკემბერს, საფასური: 13 000 აშშ დოლარი.
• Toyota Prius — შეძენილია 2023 წლის 21 იანვარს, საფასური: 4 000 აშშ დოლარი.
• ვოლგა გაზ 21 — შეძენილია 2017 წლის 30 მაისს, საფასური: 25 000 ლარი.

დეკლარაციის სახელშეკრულებო ნაწილიდან ირკვევა, რომ საანგარიშო პერიოდში მერმა რამდენიმე ავტომანქანა შეიძინა და გაასხვისა:

• 2024 წლის 28 თებერვალს მან 23 500 აშშ დოლარად გაყიდა მანამდე საკუთრებაში არსებული Toyota Camry Hybrid (2020 SE).
• იმავე წლის 16 ივლისს ისმაილოვმა შეიძინა სხვა ავტომობილი — Toyota Camry 2020 SE Hybrid, სადაც 12 500 აშშ დოლარი გადაიხადა. აღნიშნული ტრანსპორტი მერმა რამდენიმე თვეში, 2024 წლის 1 ნოემბერს, 17 000 აშშ დოლარად გაასხვისა.


ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვის პარალელურად, დეკლარაციაში აღნიშნულია დაურ ისმაილოვის კავშირი ბიზნესსექტორთან. იგი არის შპს „ავტო სამყარო 2024“-ის 100%-იანი მეწილე და დამფუძნებელი (აღნიშნული კომპანია თავის მხრივ ფლობს 25%-იან წილს შპს „ავტო სამყარო 2025“-ში).

დოკუმენტში მითითებულია, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, მერის კუთვნილი წილების მართვისა და განკარგვის უფლება ნოტარიულად გადაცემული აქვს სხვა პირზე, ხოლო საწარმოს საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი 0 ლარს შეადგენს.

ძირითადი ფაქტები „ვოლგას“ შესახებ:

• მწარმოებელი და წლები: ავტომობილი იწარმოებოდა საბჭოთა კავშირში, გორკის ავტოქარხნის (GAZ) მიერ 1956 წლიდან 1970 წლამდე. ის იყო პირველი მოდელი, რომელმაც მიიღო სახელი „ვოლგა“ და მისი შემუშავება 1950-იანი წლების დასაწყისში დაიწყო.

• ტექნიკური თავისებურებები: „ვოლგა“ გამოირჩეოდა მაღალი კლირენსით (გზის სავალი ნაწილიდან დაშორებით), რაც მას სპეციფიკურ, „მაღალ“ იერსახეს აძლევდა, განსხვავებით იმ პერიოდის დასავლური მანქანებისგან, რომლებიც უფრო დაბალი და გრძელი იყო.

• დიზაინი და კომფორტი: სტილისტურად მანქანა ძალიან ჰგავდა იმ ეპოქის წამყვან ამერიკულ მოდელებს. მასში ინტეგრირებული იყო იმ დროისთვის ფუფუნების საგნად მიჩნეული დეტალები: საზურგის მქონე წინა სავარძლები (რომლებიც იშლებოდა საწოლად), სანთებელა, გამათბობელი, საქარე მინის მრეცხავი და სამტალღოვანი რადიომიმღები.

• სტატუსი სსრკ-ში: GAZ M-21 გახდა ყველაზე დიდი და მდიდრული ავტომობილი, რომელიც საბჭოთა კავშირში ოფიციალურად იყიდებოდა კერძო მფლობელებზე დიდი რაოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ ძვირი ფასის გამო ის მყიდველთა უმრავლესობისთვის ხელმიუწვდომელი იყო, ჯამში სულ 639,478 ეგზემპლარი გამოვიდა.


ვრცლად, ნახეთ ბმულზე, თუ რა ქონებას ფლობს მარნეულის მერი.

შენიშვნა: ავტომობილის ფოტო აღებულია ინტერნეტიდან
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები