დმანისში, თეთრიწყაროში და წალკაში სუსმა საჯარო მოხელეებს ბრალდებები წარუდგინა
წალკის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების თანხების მითვისებისა და მიწის ნაკვეთების დაუფლების ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წალკის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა რამდენიმე სამართალდარღვევა, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სახელმწიფო მიწების დაუფლებას უკავშირდება.

გამოძიების ვერსიით, წალკის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა კერძო კომპანიის მიერ გზის მონაკვეთებისა და საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისას, დოკუმენტების გაყალბების გზით, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ ათიათასობით ლარს.

გარდა ამისა, საქმის მასალების მიხედვით, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებითა და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, ხელი შეუწყვეს

სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებას.


დმანისის მუნიციპალიტეტის მოხელეებს სამსახურებრივ სიყალბესა და მიწების უკანონო დაუფლებაში ადანაშაულებენ


დმანისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტები გამოავლინა.

გამოძიების თანახმად, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს რამდენიმე წარმომადგენელმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებითა და ყალბი დოკუმენტაციის დამზადებით, ხელი შეუწყო ფიზიკური პირების მიერ სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურ მითვისებას. აღნიშნულ საქმეზე შესაბამისი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მიცემულნი.


თეთრიწყაროში ინფრასტრუქტურული თანხების მითვისებისა და მერიის წარმომადგენლის მიერ ქრთამის სავარაუდო აღების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ რამდენიმე სამართალდარღვევა გამოავლინა, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებსა და ქრთამის აღებას უკავშირდება.

უწყების ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისას, კერძო კომპანიის წარმომადგენლებმა დოკუმენტების გაყალბებით თაღლითურად მიითვისეს სახელმწიფოს კუთვნილი ათიათასობით ლარი.

ამასთანავე, გამოძიების ვერსიით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა, სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე საფუტკრე მეურნეობის მოსაწყობად ნაკვეთის გადაცემისა და შემდგომი მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამი აიღო. ბრალდებული ამჟამად დაკავებულია.

აღნიშნული საქმეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ საქართველოს ცხრა რეგიონში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა. უწყების ინფორმაციით, სულ 14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი.

გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს:

ხუთ სხვადასხვა საქმეზე დაკავებულია 3 პირი, ხოლო 11-ს წარედგინა ბრალდება. წალკის, ახალციხისა და თეთრიწყაროს ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, საქმე ეხება თბილისის ბაგა-ბაღებისა და ბათუმის უფასო სასადილოების შესყიდვებს, სადაც, გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები და დაბალი ხარისხის სურსათი და სადეზინფექციო საშუალებები მიაწოდეს. სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი 669 497 ლარს შეადგენს.

დმანისის, გურჯაანისა და წალკის მუნიციპალიტეტებში, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლების მონაწილეობით, ყალბი დოკუმენტებით ჯამში 91 564 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთების დაუფლების ფაქტები გამოვლინდა. ზარალმა 397 804 ლარი შეადგინა. ბრალდება წარედგინა 7 პირს.

დაკავებულია სამი პირი ლანჩხუთისა და თეთრიწყაროს მერიებიდან, ასევე ონის სატყეო სამსახურიდან. გამოძიების მიხედვით, ისინი ქრთამს იღებდნენ მოძრავი ობიექტების განთავსების, საფუტკრე მეურნეობის მოწყობისა და ხე-ტყის უკანონო ჭრის მფარველობის სანაცვლოდ. დამატებით, ყალბი მართვის მოწმობების, პასპორტებისა და ბაკალავრის დიპლომების დამზადება-გასაღებისთვის დაკავებულია 4 პირი.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები