6 თვეში უკანონო თევზჭერის 281 ფაქტი გამოვლინდა - გარემოსდაცვითი ზედამხედველობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 281 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 131 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის სამართალდამცავ უწყებებში უკვე გადაიგზავნა. ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 268 კგ-ს გადააჭარბა.

სამართალდარღვევების რეგიონული განაწილება:

  • დასავლეთის რეგიონული სამმართველო — 66 ფაქტი;
  • მცხეთა-მთიანეთი — 46 ფაქტი;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 40 ფაქტი;
  • კახეთი — 37 ფაქტი;
  • შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო — 36 ფაქტი;
  • ქვემო ქართლი — 22 ფაქტი;
  • აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველო — 18 ფაქტი;
  • შიდა ქართლი — 5 ფაქტი;
  • სამცხე-ჯავახეთი — 4 ფაქტი.

სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც — მიმდინარე წლის 6 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში უკანონო თევზჭერის 7 ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტის განმარტებით, ბრაკონიერები ყველაზე ხშირად ისეთ უკანონო საშუალებებს იყენებდნენ, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე და ელექტროიარაღი.

უწყების განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, განხორციელებული აქტივობების შედეგად, ამოღებულია 3 500 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე და 65-მდე თევზმახე.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები