დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამიშლოში ახალი საზოგადოებრივი
სივრცის მოწყობა იგეგმება.
პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივმა მერიამ 95 938 ლარის
სავარაუდო ღირებულების ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა.
პროექტი 2026 წლის „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში
ხორციელდება და მისი დაფინანსების 66.65%-ს ადგილობრივი
თვითმმართველობის ბიუჯეტი ფარავს, ხოლო 33.35%-ს — სახელმწიფო
ბიუჯეტი.
საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, სოფელში არსებული ძველი
ერთსართულიანი შენობის რეაბილიტაცია, მზიდი კონსტრუქციების დაზიანების
გამო, მიზანშეუწონლად მიიჩნიეს. შესაბამისად, დმანისის მერია თავად
უზრუნველყოფს ძველი ნაგებობის დემონტაჟს, მის ადგილას კი ახალი, 24.0
x 18.0 მეტრის ზომის ერთსართულიანი საზოგადოებრივი სივრცის
მშენებლობის პირველი ეტაპი დაიწყება. ტენდერში გამარჯვებულმა
კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მიწის სამუშაოები, რკინაბეტონის
საძირკვლისა და სვეტების მოწყობა, კარ-ფანჯრების მონტაჟი და სახურავის
გადახურვა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება მიმდინარე წლის
14 ივლისს დაიწყო და 17 ივლისს დასრულდა. გამარჯვებულმა კომპანიამ
ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში უნდა
დაასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.