თბილისში თაღლითობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ნაცნობ მამაკაცს შეჰპირდა, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად მობილურ ტელეფონებს შეიძენდა, ხოლო ტექნიკის გაყიდვით მიღებულ მოგებას თანაბრად გაინაწილებდნენ.

თუმცა, მან შეთანხმება არ შეასრულა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 45 360 ლარს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები