სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო
ფორმის ტანსაცმლით
უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ 3 აგვისტოს გამოცემული დადგენილების
თანახმად, განისაზღვრა ბავშვების ექვსი კატეგორია, რომლებიც სასკოლო
ფორმებს უფასოდ მიიღებენ.
როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, პროგრამის ფარგლებში, სასკოლო
ფორმის ტანსაცმელი უსასყიდლოდ გადაეცემათ საჯარო სკოლის დაწყებითი
საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც:
ა) რეგისტრირებულნი არიან სოციალურად
დაუცველი ოჯახების მონაცემთა
ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე
ნაკლებია;
ბ) ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
გ) განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
დ) ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
ე) განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
ვ) 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების
შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში
ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან
საქართველოს საჯარო სკოლებში.
პროგრამის ბენეფიციარებს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად,
უსასყიდლოდ გადაეცემათ დადგენილი ნიმუშის სასკოლო ფორმის
ტანსაცმელი.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ პროგრამის ბენეფიციარისთვის გადასაცემი
სასკოლო ფორმის ტანსაცმელი შედგება: ბიჭისთვის − 1 პიჯაკისა და 2
შარვლისაგან; გოგოსთვის − 1 პიჯაკის, 1 შარვლისა და 1
ქვედაკაბისაგან.
შეგახსენებთ, რომ 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს შპს
„საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია შპს „გლორი ტექსტილი
ინდასთრისგან“ შეიძენს. ეს კომპანია ჩინეთში დაფუძნებულია საწარმოა,
საქართველოში კი რეგისტრირებულია 2026 წლის მარტში.
რაც შეეხება ფორმების ფასს, როგორც გოგონებისთვის, ასევე ბიჭებისთვის
პიჯაკის ფასი 45 ლარი, ხოლო შარვლის 25 ლარი იქნება. ამასთანავე,
მოკლე ქვედაკაბის ფასი 25 ლარით განისაზღვრა. 25 ლარი ეღირება გრძელი
ქვედაკაბაც.