თბილისში ავტომობილის ქურდობისთვის წარსულში მრავალჯერ
ნასამართლევი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო
საშუალების ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და
ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სატრანსპორტო საშუალებას
მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი გზით დაუფლებულ მიკროავტობუსს
იმავე დღეს, კახეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მიაკვლიეს
და
ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი
ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3
ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების
ბრალდებით ცრუ ადვოკატია დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის
სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური
დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო
ქვეყნის მოქალაქეებს თავი ადვოკატად წარუდგინა და მათ საქართველოში
ბინადრობისა და მუშაობის უფლების მოსაპოვებლად საბუთების მომზადებაში
დახმარების სანაცვლოდ 58 000 ლარი გამოართვა, თუმცა დანაპირები არ
შეასრულა და აღნიშნული თანხა თაღლითურად მიისაკუთრა.
დაზარალებულთა მხრიდან პრეტენზიის გამოთქმის შემდგომ, ბრალდებულმა
დაამზადა საბანკო გადარიცხვის ყალბი დოკუმენტი და აღნიშნული
დოკუმენტის გამოყენებით შეეცადა დაზარალებულთა დარწმუნებას, თითქოს
მათთვის კუთვნილი თანხა უკან ჰქონდა დაბრუნებული.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე
დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლებით
მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
მასშტაბური ნარკოოპერაცია: დაკავებულია 7 პირი, ამოღებულია
დიდი ოდენობით ნარკოტიკი და ცეცხლსასროლი იარაღი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი
დააკავეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და
ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის
ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის
უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებულები არიან როგორც
საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი
ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან
ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი
ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული
ნივთიერება, მათ შორის:
„მეფედრონი“;
„მეტადონი“;
4 კილოგრამამდე „მარიხუანა“;
21 ძირი მცენარე „კანაფი“;
323 აბი „პრეგაბალინი“.
დაკავებულებს შორის არიან პირები, რომელთა მხილების მიზნით, პოლიციამ
მათ სახელზე გამოგზავნილი ამანათების ჩანაცვლება განახორციელა და
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად
ამოიღო.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე,
ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები
და ცეცხლსასროლი იარაღი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 19-260-ე,
261-ე, 265-ე პრიმა, 273-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20
წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.