შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და
ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის
ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო
კულტივირების ბრალდებით დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს,
ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი
ბინების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან,
ნივთმტკიცებად სარეალიზაციოდ გამზადებული
განსაკუთრებით დიდი ოდენობით
სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება
ამოიღეს.
ამოღებულ ნივთიერებებს შორისაა „მეფედრონი“, „მეტადონი“, 4
კილოგრამამდე „მარიხუანა“, 21 ძირი „კანაფის“ მცენარე და 323 აბი
„პრეგაბალინი“.
დაკავებულებს შორის არიან პირები, რომელთა მხილების მიზნითაც პოლიციამ
მათ სახელზე გამოგზავნილი ამანათების ჩანაცვლება განახორციელა და
შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები
ნივთმტკიცებად ამოიღო.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს
ნარკოტიკული საშუალებების დასაფასოებლად საჭირო მასალები და
ცეცხლსასროლი იარაღი.