შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და
არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, დაბა
მესტიაში, ორ არასრულწლოვანს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა.
კონფლიქტში ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა ჩაერთო, რომელმაც მეორე
არასრულწლოვანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ინციდენტში მოგვიანებით რამდენიმე მოქალაქეც ჩაერთო. ფიზიკური
დაპირისპირების დროს ბრალდებულმა
ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი
დაჭრა, თავად ბრალდებულიც დაშავდა.
სამივე პირი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით
კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი
სამედიცინო დაწესებულებაში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე
მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.