შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი
დააკავეს.
ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და
ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის
ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო
კულტივირების ბრალდებით დაკავებულები არიან საქართველოსა და უცხო
ქვეყნის მოქალაქეები.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები
ნარკოტიკულ საშუალებებს წინასწარ შერჩეულ
კონკრეტულ ადგილებზე
ათავსებდნენ, შემდეგ კი შესაბამის კოორდინატებსა და აღმნიშვნელ
ფოტოებს დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი
ბინების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული 44 ადგილიდან,
ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი
ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული
ნივთიერება, მათ შორის: „მეთადონი“, „მეფედრონი“, „ალფა-პვპ“, „მდმა“,
„ჰაშიში“, „კეტამინი“ და „მარიხუანა“.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს
ნარკოტიკული საშუალებების დასაფასოებლად საჭირო მასალები და
სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე
კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.