შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის
ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორების — „ნიალასა“ და „ვალეს“
— დასაცავ მონაკვეთებზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ
გადაკვეთის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და
საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულებმა
სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ
გადმოკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის
პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.