გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან
31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1 124 ფაქტი
გამოავლინეს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოვლენილი ფაქტებიდან 136 სისხლის
სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. შესაბამისი მასალები შემდგომი
რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 810 ხე-ტყის უკანონო მოპოვებასა და
ტრანსპორტირებას უკავშირდება, ხოლო 314 — სახერხი საამქროების მიერ
ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და არალეგალური საქმიანობის
შემთხვევებს.
2026 წლის რვა თვის განმავლობაში დალუქულია 47 არარეგისტრირებული
სახერხი საამქრო.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი — 265 ფაქტი აჭარაში დაფიქსირდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში 204, კახეთში 191, იმერეთში 152,
სამცხე-ჯავახეთში 81, ქვემო ქართლში 55, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში
49, გურიაში 45, შიდა ქართლში 40, მცხეთა-მთიანეთში კი 35
სამართალდარღვევა გამოვლინდა.
დედაქალაქში 7 სამართალდარღვევა დაფიქსირდა. გარემოსდაცვითი
პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა თბილისში რვა თვის
განმავლობაში გამოავლინეს 3 უკანონო სახერხი საამქრო, სახერხი
საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 და ხე-ტყის უკანონო
ტრანსპორტირების 1 ფაქტი.
ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია,
გამოვლენა და აღკვეთა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტისთვის პრიორიტეტულია.
დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან რეჟიმში
პატრულირებენ. მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე — 153
— შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც.