ქობულეთსა და ქუთაისში არალეგალური კვების საწარმოები გამოავლინეს
სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით არალეგალური და არარეგისტრირებული საწარმოების გამოვლენას განაგრძობს.

სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს. არაგეგმური ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები ინდივიდუალური მეწარმეების — ნ. მ.-ის, ქობულეთი, რუსთაველის მეორე ჩიხი N13, და ა. ნ.-ის, ქობულეთი, თავისუფლების ქუჩა N26 — კუთვნილ სასადილოებში, ასევე მ. გ.-ის კაფე-ბარში, ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა N376ბ, გამოვლინდა.

ობიექტებში ასევე დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონა. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და მათ საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმაც. შპს „კოზი 1994“ (ს/კ 412797308), რომელიც ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩა N7-ში, „ბარაქას“ სახელწოდებით საქმიანობს, განმეორებითი კრიტიკული შეუსაბამობების გამო 5 000 ლარით დაჯარიმდა და კონკრეტული საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინეს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა. შპს „ლეწე“ (ს/კ 432543740), რომელიც კასპში, კოჯრის ქუჩა N24ა-ში მდებარეობს, ნახევარფაბრიკატებს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა.

ამასთან, ბიზნესოპერატორთან

დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები. აღნიშნული სამართალდარღვევების გამო შპს „ლეწე“ დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად იყოს რეგისტრირებული, რადგან არალეგალურ და არარეგისტრირებულ საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი ვერ ხორციელდება.

სააგენტოს განმარტებით, ასეთ საწარმოებში სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა ვერ ხერხდება, რაც საფრთხეს უქმნის როგორც თავად ბიზნესოპერატორების ოჯახის წევრების, ისე სხვა მომხმარებლების ჯანმრთელობას.

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ქვეყნის მასშტაბით არარეგისტრირებული საწარმოების გამოვლენასა და მათ სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები