თეთრწყაროს მერია 2026 წლის 10 ოქტომბერს „ციყვების პარკში“ დაგეგმილი
სახალხო დღესასწაულის „გარისობა 2026“-ისთვის ემზადება.
ღონისძიების ფარგლებში მუსიკალური გასართობი ნაწილის უზრუნველსაყოფად
მერიამ ორი შესყიდვა განახორციელა, რომელთა ჯამური ღირებულება 30 000
ლარს შეადგენს.
ორივე შემთხვევაში, მუნიციპალიტეტმა მომსახურება გამარტივებული
შესყიდვით, ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძველზე შეიძინა.
შესყიდვების დოკუმენტაციის მიხედვით, „გარისობაზე“ დუეტი „LEONI“ და
ჯგუფი „REGGAEON“ იმღერებს. თვითმმართველობა დუეტს 10 000 ლარს,
ხოლო
ჯგუფს 20 000 ლარს გადაუხდის.
ექსკლუზიური უფლებამოსილებით შესყიდვას მერია იმის საფუძველზე ხსნის,
რომ მხატვრული და შემოქმედებითი პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე,
შეუძლებელია დასახელებული საკონცერტო მომსახურების სხვა ალტერნატიული
სერვისით ჩანაცვლება.
„მუსიკალური დუეტ „LEONI”-ს საკონცერტო პროგრამა ხასიათდება
სპეციფიკური მუსიკალური, შემოქმედებითი ფორმატით. ინტელექტუალური და
შემოქმედებითი პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელია
დასახელებული საკონცერტო მომსახურების ჩანაცვლება სხვა ალტერნატიული
მომსახურებით, რადგან ნებისმიერი სხვა ჯგუფის თუ არტისტის პროექტი
წარმოადგენს სრულიად განსხვავებულ შინაარსობრივ/მხატვრულ პროდუქტს.“ -
წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.
როგორც შესყიდვების დოკუმენტებშია აღნიშნული, მერიის განმარტებით,
„ნებისმიერი სხვა ჯგუფის თუ არტისტის პროექტი წარმოადგენს სრულიად
განსხვავებულ შინაარსობრივ და მხატვრულ პროდუქტს“, რამაც უწყებას
კონკურენტული ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით ხელშეკრულებების
გაფორმების საფუძველი მისცა.