შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
სხვადასხვა დროს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის
მოქალაქეები. მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის,
რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი
მცენარის უკანონოდ დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტებზე ედებათ
ბრალი.
სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო
მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების
უკანონო
რეალიზაციის სქემაში იყვნენ ჩართულნი. გამოძიების
ინფორმაციით, ისინი შემდგომი გასაღების მიზნით ნარკოტიკებს სხვადასხვა
ადგილზე ათავსებდნენ, შემდეგ კი დაინტერესებულ პირებს შესაბამის
კოორდინატებსა და ფოტომასალას უგზავნიდნენ.
ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების
ჩხრეკის, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული
ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის, 192
შეკვრა „მეთადონი“, „სუბოქსინი“, „კეტამინი“, „ჰაშიში“,
„ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, „პრეგაბალინის“ შემცველი 150 აბი, კილოგრამზე
მეტი „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“.
დაკავებულებს შორის არის პირიც, რომლის მხილების მიზნით
სამართალდამცველებმა მის სახელზე გამოგზავნილი ამანათი ჩაანაცვლეს და
მისგან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება
ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკული
საშუალებების დასაფასოებლად საჭირო მასალები და სავარაუდოდ
ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 19-260-ე, 260-ე
კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.