აგვისტოში რუსეთში მეორადი ავტომობილების იმპორტში საქართველო კვლავ
წამყვან ხუთეულშია,
ბელარუსს უსწრებს და მეოთხე ადგილი უკავია.
ამის შესახებ რუსულ ანალიტიკურ სააგენტო „ავტოსტატის“ მონაცემებში
წერია, რაც ავტობაზრის შედეგებზე სააგენტოს ონლაინ-გადაცემის დროს
გავრცელდა.
კერძოდ, მთლიანობაში, აგვისტოში რუსეთში 42 900 მეორადი ავტომობილი
შევიდა. აქედან საქართველოს წილი 2.2%-ია, რაც 944 ერთეულს შეადგენს.
ყველაზე დიდი წილი იაპონიამ შეინარჩუნა.
წამყვანი ხუთულის მონაცემები ასეთია:
- იაპონია - 56%, ანუ 24 024 მეორადი
ავტომობილი
- ჩინეთი - 29.1%; 12 484 ერთეული
- სამხრეთ კორეა - 7.3%; 3 132 ერთეული
- საქართველო - 2.2%; 944 ერთეული
- ბელარუსი - 2.1%; 901 ერთეული
რუსეთში მეორადი ავტიმობილების იმპორტი აგვისტოში, წინა წლის
ანალოგიურ თვესთან შედარებით, 6%-ით დაეცა. ამის გარდა, ივლისთან
შედარებით, როცა რუსეთში 50 500 მეორადი ავტომობილი იქნა
იმპორტირებული, თვიურმა კლებამ 15% შეადგინა.
ამასთან, Avtostat-ის მონაცემებით, „მეორადი ავტომობილების იმპორტის
სტრუქტურაში 160 ცხენის ძალაზე მეტი ძრავის მქონე ავტომობილები 2%-ზე
ოდნავ მეტს შეადგენდა. ამ სეგმენტში ბაზრის სტრუქტურაზე გადამუშავების
(უტილიზაციის) საფასურის ახალ წესებს საკმაოდ მძიმე გავლენა ჰქონდა და
მეორადი ავტომობილების იმპორტი, ფაქტობრივად, უტილიზაციასთან იქნა
ადაპტირებული.“ კერძოდ, უტილიზაციის ახალ წესებამდე 160 ცხენის ძალაზე
მეტი ძრავის მქონე მეორადი ავტომობილები იმპორტის, დაახლოებით, 60%-ს
შეადგენდა.
„ავტოსტატის“ მონაცემებით, აგვისტოში რუსეთში მეორადი მსუბუქი
ავტომობილების ანალოგიურად, რამდენიმეთვიანი ზრდის შემდეგ თვიურად
ახალი ავტომობილების იმპორტიც 15%-ით შემცირდა.