რუსეთის ფედერალური საგზაო სააგენტო, ანუ „როსავტოდორი,“ ასევე,
ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრო
და ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება ზემო ლარსთან მიტოვებული
ავტომობიელბის ინვენტარიზაციას მათი გატანის მიზნით ჩაატარებენ. ამის
შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა, Mash ავრცელებს.
გამოცემის მონაცემებით, მთლიანობაში, ზემო ლარსიდან 500-ზე მეტი
ავტომობილის გატანა იგეგმება.
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მანქანების დაგროვება 2022 წლის
თებერვალში დაიწყო, როცა გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციის გამო
რუსები ქვეყანას ტოვებდნენ
და საქართველოში ნებისმიერი სატრანსპორტო
საშუალებით გარბოდნენ.
შედეგად, ოთხი წლის განმავლობაში გზისპირა ტერიტორიებზე, დაახლოებით,
500 ავტომობილი დაგროვდა, რომელთა ღირებულება 100 მლნ რუბლს (1.2 მლნ
დოლარამდე) შეადგენს. დაშლილი მანქანების რიგი, დაახლოებით, 4
კილომეტრზე არის გადაჭიმული. მიტოვებული ავტომობილების უმეტესობა
გაძარცვულია, კერძოდ, მათ მოხსნილი აქვს დისკები, ფარები, სარკეები და
სალონის ნაწილები.
გამოცემის ცნობით, ავტომობილების ნაწილი გადამყიდველებზე გაიყიდა,
რომლებიც საზღვარზე დღემდე მორიგეობენ. სხვა ავტომობილები
საქართველოში მათი შეყვანის შეუძლებლობის გამო, უბრალოდ, ადგილზე არის
მიტოვებული, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს რუსულ მანქანებზე
ცალკეული აკრძალვა არ აქვს დაწესებული. კერძოდ, რუსეთის მოქალაქეები
ქვეყანას ნაჩქარევად ტოვებდნენ და საჭირო დოკუმენტები არ ჰქონდათ:
ზოგჯერ მანქანები სხვისი იყო ან რეგისტრაციის პრობლემები ჰქონდა.
გამოცემა, Pravda.ru წერს, რომ სხვისი ავტომობილის, უბრალოდ, ჯართად
ჩამორთმევა შეუძლებელია და მხოლოდ ის ფაქტი, რომ მანქანა გზის პირას
არის მიტოვებული, მისი მფლობელის საკუთრების შეწყვეტას არ ნიშნავს.
ამდენად, ზემო ლარსიდან მათ გატანამდე, პირველ რიგში, მფლობელის
ვინაობა, ავტომობილის სამართლებრივი სტატუსი უნდა დადგინდეს და
კანონით გათვალისწინებული მთელი რიგი პროცედურები დასრულდეს.
“ინვენტარიზაციის დროს აუცილებელია, დადგინდეს, შენარჩუნებულია თუ არა
ავტომობილის VIN-კოდი და ვინ არის მისი მფლობელი. მხოლოდ ამის შემდეგ
შეიძლება გადაწყვეტილების მიღება ბუქსირების, დროებითი შენახვის ან
ქონების მიტოვებულად გამოცხადებისა და შემდგომ მისი განკარგვის
შესახებ,” - წერს Pravda.ru.
ცნობისთვის: სექტემბრის ბოლოს ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა, სერგეი
მენიაილომ ზემო ლარსზე რუსეთისა და საქართველოს საკონტროლო-გამშვებ
პუნქტებს შორის არსებული ტერიტორიის გაუმჯობესების მითითება გასცა,
რომელიც „წლების განმავლობაში ცუდ მდგომარეობაშია.“
გეგმის თანახმად, ბუფერულ ზონაში ახალი ასფალტი დაიგება, ასევე,
ბარიერული ღობე და ტუალეტები დამონტაჟდება, პარალეულარად კი
საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს შორის გზისპირა მიტოვებული ავტომობილების
საკითხი უნდა გადაწყდეს.