სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა
თბილისში სამი არარეგისტრირებული
საზოგადოებრივი კვების ობიექტი გამოავლინეს, რომლებიც საქმიანობას
სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდნენ.
არაგეგმური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ინდივიდუალური
მეწარმეები გ.კ. (მისამართი: ტრანსპორტის ქუჩა N1), ც.ქ. და ნ.კ.
(ორივე მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე) ეკონომიკურ
საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირებულნი არ იყვნენ.
კვების ობიექტებში ასევე გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული
შეუსაბამობები, მათ შორის, სანიტარიულ-ჰიგიენური
ნორმების დარღვევა,
ინფრასტრუქტურის გაუმართაობა და არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია.
გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის
შესაბამისად დაჯარიმდნენ, საწარმოო პროცესი კი შეუსაბამობების
აღმოფხვრამდე შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ მომხმარებლებისთვის
უვნებელი სურსათის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, ბიზნესოპერატორები
კანონმდებლობის შესაბამისად იყვნენ რეგისტრირებულნი და სურსათის
უვნებლობის დადგენილ სტანდარტებს იცავდნენ.