ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლება ექნება — საკანონმდებლო ცვლილება
"საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებები შედის, რომლებიც ციფრული ლარის გამოშვებისა და მისი სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრას ითვალისწინებს. ამის შესახებ bm.ge წერს.

საკანონმდებლო ცვლილებებით, კანონში მკვიდრდება "ციფრული ფულის" ცნება და ზუსტდება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები.

საკანონმდებლო ცვლილებით, მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს ექნება უფლება, დაამზადოს და საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში გაუშვას ლარის ბანკნოტები, მონეტები და მათი ციფრული ვერსია. ამასთან, ეროვნული

ბანკი იქნება ლარის ციფრული ვერსიის საავტორო უფლებების მფლობელიც.

მიმოქცევაში გაშვებული ან რეალიზებული ციფრული ლარი იქნება ეროვნული ბანკის უპირობო ვალდებულება ნომინალური ღირებულებით.

საკანონმდებლო ცვლილება ქმნის სამართლებრივ საფუძველს, რათა ეროვნულმა ბანკმა, ევროკავშირის წევრი და მსოფლიოს სხვა წამყვანი ქვეყნების მსგავსად, განახორციელოს სხვადასხვა საპილოტე პროექტი.

"იმისათვის, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს მომავალშიც ჰქონდეს უფლება, უფრო აქტიურად განახორციელოს ცალკეული პროექტები, აუცილებელია ციფრული ლარის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა. აღნიშნული ხელს შეუწყობს საქართველოს საფინანსო სისტემის უკეთ პოზიციონირებას რეგიონში, ფინანსური ინოვაციების დანერგვის მიმართულებით",
— აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ხელაძე, ბეჟან წაქაძე, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ბარვენაშვილი, ზურაბ რურუა და ილია ინჯია. ინიციატორები კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ.

წყარო: News.on.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები