პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია "ხალხის ძალის" თავმჯდომარე, სოზარ
სუბარი ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებს
ეხმაურება.
ის ამბობს, რომ ამ დოკუმენტებს საქართველოს მიმართ ევროკავშირის
პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა შეუძლია, თუმცა, მისი შეფასებით, ისინი
უსამართლო და მცდარ ინფორმაციას ეფუძნება და მათი გათვალისწინება არ
უნდა მოხდეს.
"ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ხშირად ვისმენთ, რომ
საქართველოს შესახებ ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ მიღებულ
რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს. სინამდვილეში, ასე არ არის და ყველა
მსგავს რეზოლუციას აქვს თავისი უარყოფითი ეფექტი, რადგან, საბოლოო
ჯამში, ისინი გავლენას ახდენს იმ პოლიტიკაზე, რაც საქართველოს მიმართ
ხორციელდება და აყალიბებს იმ არასწორ აღქმებს, თუ რა ხდება ჩვენს
სამშობლოში.
მეორე მხრივ, ეს რეზოლუციები, როგორც წესი, არის აბსოლუტურად
უსამართლო და ტყუილი ინფორმაციით გაჯერებული და, შესაბამისად, მათი
მიღება და გათვალისწინება არ და ვერ მოხდება. ბუნებრივია,
ვისურვებდით, რომ ევრობიუროკრატებს უფრო სამართლიანი და პატიოსანი
დამოკიდებულება ჰქონდეთ საქართველოს მიმართ, მაგრამ, მეორე მხრივ,
მათი მხრიდან ასეთმა უსამართლო და ხშირად მტრულმა პოლიტიკამ მათი
მოლოდინების სრულიად საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო. ქართულ
საზოგადოებაში მკვეთრად დაეცა ნდობა როგორც ევრობიუროკრატიის, ისე
საქართველოში მათ მიერ მხარდაჭერილი პარტიებისა თუ ენჯეოების მიმართ,
რადგან ხალხი კარგად ხედავს, სად არის სიმართლე და სად — ტყუილი, სად
არის სამართლიანობა და სად — უსამართლობა, და, შესაბამისად, იღებს
გადაწყვეტილებებს", — აცხადებს სუბარი.
მისივე თქმით, პარტიამ საზოგადოებას საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში
ჩათრევის საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ქვეყანას ეს საფრთხე
აარიდა.
"საზოგადოების სწორად ინფორმირების საქმეში ჩვენმა
პარტიამ, "ხალხის ძალამ", მართლაც ყინულმჭრელის როლი შევასრულეთ და
ლომის წვლილი მიგვიძღვის იმაში, რომ ჩვენს სამშობლოს უდიდესი საფრთხე
ავაცილეთ თავიდან. ვგულისხმობ რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს
ჩათრევის მცდელობებს, რასაც თავდაუზოგავად ცდილობდნენ ჩვენი ე.წ.
უცხოელი „მეგობრები“ და მათი ადგილობრივი აგენტურა რადიკალური
ოპოზიციის, არანაკლებ რადიკალური ენჯეოებისა და ე.წ. ექსპერტების
სახით", — ამბობს სოზარ სუბარი (კომენტარს "ტვ იმედი"
ავრცელებს).