რუსულ გაზს აღარც უნგრეთი იყიდის - „გაზპრომმა“ ევროპის ერთ-ერთი ბოლო მომხმარებელიც დაკარგა
უნგრეთი, რომელიც ევროკავშირში „გაზპრომის“ ერთ-ერთი ბოლო მსხვილი მომხმარებელია, რუსული გაზის შესყიდვას მომავალი წლის შემოდგომისთვის შეწყვეტს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ანიტა ორბანმა Telex-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი თქმით, „ევროკავშირმა რუსული ბუნებრივი აირის თანდათანობითი აკრძალვის მკაფიო ვადად 2027 წლის შემოდგომა განსაზღვრა.“ მინისტრის ცნობით, ქვეყანა, ასევე, „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ მიერ მიწოდებული ნავთობის თანდათანობითი გაუქმებისთვის ემზადება. ამის მისაღწევად ნავთობისა და

გაზის უნგრულ კომპანია MOL-ს თავისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მოდერნიზება დასჭირდება, რომ არარუსული ნედლეულის დამუშავება შეძლოს.

2025 წელს უნგრეთმა რუსეთიდან რეკორდული მოცულობის, 7.8 მლრდ კუბური მეტრი გაზი მიიღო. წლევანდელი მოცულობის მონაცემები ჯერ არ გასაჯაროებულა, თუმცა ფულადი თვალსაზრისით იანვრიდან-ოქტომბერში ოდენობა 10%-ით, 1.71 მლრდ ევრომდე შემცირდა. უნგრეთის გარდა, ევროკავშირიდან რუსული მილსადენებით გაზის შეძენას ბულგარეთი, საბერძნეთი და სლოვაკეთი განაგრძობენ.

ევროკავშირის გადაწყვეტილებით, 2027 წლის 1 იანვრიდან რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG), ხოლო 30 სექტემბრიდან მილსადენური გაზის იმპორტი სრულად იკრძალება. თუმცა ევროკავშირის წესები მოკლევადიანი კონტრაქტებით გაზის შესყიდვას უკვე კრძალავს.

სექტემბერში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარმა ევროკავშირისგან რუსული გაზისა და ნავთობის შესყიდვაზე უარის თქმისთვის კომპენსაცია მოითხოვა. მანამდე უნგრეთის ხელისუფლება თურქმენულ გაზზე გადასვლას განიხილავდა. ასევე, მთავრობამ ხელი მოაწერა კონტრაქტს ფრანგულ Engie-სთან, რომლის მიხედვითაც, 2028 წლიდან 2038 წლამდე უნგრეთში 4 მლრდ კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი განხორციელდება.

ცნობისთვის: ამჟამად რუსული გაზი ევროპას ერთადერთი მოქმედი მილსადენით, “თუქული ნაკადით” მიეწოდება. გასულ წელს ევროპულ ბაზარზე „გაზპრომის“ მიწოდება 18 მლრდ კუბურ მეტრამდე შემცირდა, რაც 1973 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 2024 წელთან შედარებით ევროპაში რუსული გაზის ექსპორტის მოცულობა 44%-ით, ხოლო უკრაინის ომამდელ პიკებთან შედარებით ათჯერ მეტად შემცირდა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები